მანქანა-დანადგარების ან აქტივების არაგეგმიური გაჩერება და ავარიის სისტემური მართვა

რა ღირს აქტივის გაჩერების დრო და როგორ გავუმკლავდეთ გაჩერებს?                                        

 წარმოების ტექნიკური პერსონალი და მენეჯმენტი აქტივის გაჩერებას ხშირად აღიქვამს, როგორც გარდაუვალ პროცესს და არ უპირისპირებს მას პრობლემის ანალიზს, არ ეძებს მისი აღმოფხვრის საშუალებებს. ცნობილია რომ, აქტივს აქვს ექსპლუატაციის ვადა, რომლის ფარგლებშიც გაჩერება მაინც მოხდება.

„…და რა ვქნა, თითოეულ ჭანჭიკს ვსდიო?“ „ამიყვანეთ დამხმარე…“ ამგვარი შეხედულებები ლოგიკურია ტექნიკოსის თვალსაზრისით, თუმცა არა საწარმოსა და მოგების მხრივ.

იმის გამო, რომ აქტივის გაჩერებას ნორმალურ პრაქტიკად აღვიქვამთ, ფსიქოლოგიურად ვშორდებით გაჩერების მიზეზებს და აღმოფხვრის გზებს. თუმცა ყველა კომპანიამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პროცესებს. ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში გათიშვის დრო ხომ დიდ ფინანსურ დანაკარგებს უდრის.

როგორ უნდა იმოქმედოს კომპანიამ, რომელსაც სურს, საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამოყენება? პასუხის გაცემამდე მოდით, გავერკვიოთ, თუ რატომ ჩერდება მანქანა-დანადგარები, რა ტიპის გაჩერებები არსებობს და რა ღირს გაჩერება.

მანქანა-დანადგარის გაჩერება – თეორი და პრაქტიკ

გაჩერება არის აქტივის იძულებითი უმოქმედობა შიდა ან გარე მიზეზების გამო, როგორებიცაა: უხარისხო რემონტი და ექსპლუატაცია, სარემონტო მასალების ნაკლებობა და მათი ხარისხი, მომწოდებლისგან ნედლეულის მიწოდების შეფერხება, ელექტროენერგიის გათიშვა, მუშათა გაფიცვა და სხვა.

გაჩერება ამცირებს კომპანიის მოსალოდნელ მოგებას. რამხელაა ზარალი გაჩერებისას?

 შემცირებული პროდუქტიულობა – ეს ეხება, პირველ რიგში, გამოსაშვები პროდუქციის მოცულობას.

ფინანსური მაჩვენებლების ვარდნა – საწარმოები კარგავენ საკრედიტო რეიტინგს, ინვესტიციის მიმზიდველობას, წარმოების გაჩერების დროს იხდიან ხელფასებს.

რეპუტაციული დანაკარგები – მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და ფინანსურ ბაზრებთან ურთიერთობის აღდგენა ძვირი და შრომატევადი იქნება.

მომგებიანობის შემცირება – წარმოების გათიშვის დროს დახარჯული რესურსების გარდა (ელექტროენერგია, ნედლეული, მასალები), ხარჯებს ემატება კომპენსაციები და ინვესტიციის ზარალი.

ხვა ხარჯები  – ეს არის დროებითი ტექნიკური მომსახურების ხარჯები, დამატებითი აღჭურვილობის დაქირავება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და სარემონტო მასალები.

ბევრი კომპანია არ ითვალისწინებს იმ დანაკარგს, რომელიც ავარიების დროს დაკავშირებულია აქტივების გაჩერებასთან და ხშირ შემთხვევაში არც კი ხდება თითოეული გაჩერების შედეგად მიღებული ფინანსური ზარალის შეფასება/ანალიზი.

როგორ შევამციროთ გაჩერების დრო?

 გაჩერების დროის შემცირების განსაზღვრისათვის, აქტივის ექსპლუატაციისა და გაჩერების დროის შესახებ უნდა შეაგროვოთ სრულყოფილი მონაცემები. შემდეგი ეტაპი არის ხანმოკლე და გრძელვადიანი დანაკარგების ფინანსური შეფასება. უნდა გამოთვალოთ დროის ერთეულის მიხედვით იმ მოგების მაჩვენებელი, რომელსაც აქტივი გაძლევთ. საბოლოოდ, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გამოყენებული იქნება გაჩერებების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით.

Toyota-ს პრაქტიკული მაგალითი გვიჩვენებს, რომ გათიშვის სისტემატური ხასიათის გაგება შესაძლებელია მხოლოდ აღჭურვილობის მუშაობის შესახებ ყველა მონაცემის გაანალიზებით. კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივის მდგომარეობის ანალიზი რეალურ დროში უნდა მოხდეს. კომპანიამ ამისთვის გამოიყენა ტექნოლოგიები და აქტივებს მოუარა (პროგნოზირებადი მოვლა). ამ მეთოდების გამოყენებით კომპანიამ შეამცირა ხარჯები და ავარიული/არაგეგმიური გაჩერებები. შედეგად, აქტივების გაჩერების დრო შემცირდა 30%-ით.

როგორც ვხედავთ, სტრუქტურირებული და გაანალიზებული მონაცემები აქტივების ეფექტიანი მართვისთვის ძირეულია. ყველა ინდიკატორის ერთ სისტემაში მოქცევით, თქვენ შეძლებთ, იხილოთ ექსპლუატაციისა და გაჩერებების სრული სურათი. მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი მართვისთვის ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება და, შესაბამისად, ფინანსების დაზოგვა.